IDFI-ს განცხადების საფუძველზე კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ORT-ს საეთერო მაუწყებლობა აკრძალა

7 დეკემბერი 2015 Shadow

26 ნოემბერს, IDFI-ს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საეთერო მაუწყებლობა აუკრძალა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ORT-ს პროგრამების რეტრანსლატორს - შპს „რ.ბ.ჯ“-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გამოყენებით მაუწყებლობდა.

 

შპს „რ.ბ.ჯ“-ს დაეკისრა 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა, რადგან კომპანიას მაუწყებლობის დაწყებამდე სამაუწყებლო პროდუქციის მართლზომიერი ფლობის შესახებ შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები არ წარმოუდგენია. კომპანია ასევე, წერილობით გაფრთხილდა კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის და საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის გამოუქვეყნებლობის გამო.

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ“-მ ვერ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის ტელეპროდუქციის მართლზომიერი ფლობა, შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიას შეუზღუდა იმ სამაუწყებლო პროდუქციით საეთერო მაუწყებლობა, რომლის კანონიერი უფლებაც არ გააჩნია.“- წერია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შპს „რ.ბ.ჯ“-ს სანქცირების პირველი შემთხვევა არ არის. აღნიშნული მაუწყებლის პროგრამები, ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელით, რამდენიმე საათით, 2015 წლის ივლისშიც გავრცელდა, თუმცა, IDFI-ს დაუყოვნებლივი რეაგირების და კომისიის ჩარევის შედეგად, მაუწყებლობა შეწყდა. ამ ეტაპზე კომისია წერილობითი გაფრთხილებით შემოიფარგლა. 

 

IDFI განაგრძობს პროცესის მონიტორინგს.